ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სასამართლოს შენობა ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ის 1894 წელს არის აშენებული და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შესაბამისად რეაბილიტაციის პროექტი შეთანხმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ითვალისწინებდა სასამართლოს შენობის ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. შენობაში შიდა გადაგეგმარების შედეგად, მესამე სართულზე განხორციელდა დერეფნის გადატიხვრა, რის შედეგადაც გაჩნდა მეტი დამოუკიდებელი სამუშაო სივრცე, მოეწყო ხუთი დამოუკიდებელი სამუშაო ოთახი, სამედიაციო სივრცეები, რეაბილიტირდა სასადილო სივრცე, რამდენიმე სამუშაო ოთახი, მათ შორის პროკურორის და ადვოკატის ოთახები. მოეწყობა ერთი სასამართლოს სხდომათა დარბაზი სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისათვის.
შენობის პირველ სართულზე და ეზოში მოეწყო დამატებით სველი წერტილები მოქალაქეებისათვის. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო პანდუსი შშმ პირთათვის, ე.წ ტაქტილური ბილიკები, ადაპტირდა სასამართლოს ძირითადი შესასვლელი. არსებულ პანდუსებს ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. პანდუსის ორივე ბაქანი გადაიხურა ლითონის კონსტრუქციით, გამოყენებულ იქნა ჭედური ორნამენტი. შეიცვალა სასამართლოს ძირითადი, მთავარი ფასადიდან შესასვლელის და გვერდით ფასადზე არსებული კარები. რეაბილიტირდა საქვაბის და დამხმარე შენობის სახურავები.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბადრაგო სივრცეს და საკნებს, სადაც ასევე გადაგეგმარების შედეგად დამატებით მოეწყო ერთი წინასწარ დაკავების საკანი.
სრულად აღიჭურვა რეაბილიტირებული ოთახები, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხდომათა დარბაზის და სასადილო ოთახის აღჭურვა შესაბამისი ავეჯით და ინვენტარით.
სიახლეები