პროექტები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სენაკის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა, შეიცვალა შენობის კოროზირებული გადახურვა, საიდანაც შენობაში ნალექიანი ამინდის დროს ჩამოდიოდა წყალი და აზიანებდა შიდა ინფრასტრუქტურას.
სრულად რეაბილიტირდა სასამართლოს ფასადი, რომელიც შეიფუთა ე.წ „xps“-ის ფილებით, ხოლო შემდგომ ფაქტურულად დამუშავდა და შეიღება, განახლდა პორტალი, კეთილმოეწყო ეზო, სადაც დაიგო ბეტონის საფარი.
სასამართლოს ორივე სართულზე გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზები. შენობაში შიდა გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო ერთი სამუშაო ოთახი. რეაბილიტირდა საბადრაგო სივრცე და საკნები, სადაც ასევე გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო ერთი საკანი-სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ბრალდებულის სახით და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მოსათავსებლად.
შენობაში მოეწყო ხანძრის აღმოჩენის ავტომატური სისტემა (სიგნალიზაცია), რაც მოიცავს: სახანძრო, საგანგაშო, ავარიული განათების და გარე ჰიდრანტის სისტემას. შენობა აღიჭურვა, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური სახანძრო მოწყობილობებით, ასევე სახანძრო სტენდებით, საევაკუაციო გეგმით და პირველადი ქრობის საშუალებებით. კვამლის, კომბინირებული, მხუთავი გაზის და ბუნებრივი აირის ავტომატური დამისამართების მგრძნობიარე დეტექტორები დამონტაჟდა მთელს შენობაში, რომლებიც ამოქმედდება კვამლის, მაღალი ტემპერატურის, გაზის და მხუთავი აირის დაფიქსირების დროს. სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს შენობაში ელექტროენერგიის გათიშვას. განგაშის შესახებ ხმოვანი და SMS შეტყობინება, სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ეგზავნება სასამართლოს წარმომადგენლებს. მთელს შენობაში დამონტაჟდა ავარიული განათების სისტემა, რომელიც ემსახურება ხანძრის ან საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ხალხის სწრაფ და ეფექტურ ევაკუაციას.
სასამართლოს შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღიჭურვა შესაბამისი ავეჯით და ინვენტარით