ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპის პრეზენტაცია

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპის პრეზენტაცია გაიმართა. 
საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული განაწილების სისტემა შექმნილია საერთო სასამართლოების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ და მისი მოთხოვნები ეფუძნება თანამედროვე დაპროგრამების სტანდარტებს. სისტემის უსაფრთხოების მაჩვენებლები უზრუნველყოფს სისტემის დაცულობას, მესამე მხარის მიერ შეუღწევადობას და საიმედოობას. კანონით გათვალისინებულ სასამართლო საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპთან ერთად, ელექტრონული განაწილების სისტემა უზრუნველყოფს მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების რაოდენობრივ თანაბრობას.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დადგინდა, რომ მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება საპილოტო რეჟიმში განხორციელდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სხვა საერთო სასამართლოებში საქმეები განაწილდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.
ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. სტუმრებს ასევე მიესალნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. პრეზენტაციას ასევე დასწრნენ საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის წარმომადგენლები.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სსიპ საერთო სასამართლოების მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი ტიპის სამოქალაქო დავებისათვის განკუთვნილი სხდომათა დარბაზები, რომლებიც რამოდენიმე დღეში აღიჭურვება შესაბამისი ავეჯით.