საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო ანალიტიკურ სამსახურს შორის საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში განთავსების და გამოქვეყნების მიზნით სპეციალური ელექტრონული პორტალის შექმნის შესახებ ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
პორტალით სარგებლობა, მიმდინარე წლის მაისის თვიდან ყველა დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი, სადაც საერთო სასამართლოებში მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემა რეალურ გარემოში სხვადასხვა საძიებო პარამეტრებით იხილონ საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და ძალაში შესული გადაწყვეტილებები.
აღნიშნული პორტალის მეშვეობით მიმდინარე წელსვე იგეგმება იმ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, რომლებიც სასამართლოში წარმოადგენენ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეებს, გარდა სასამართლო გადაწყვეტილებებისა მოიძიონ ინფორმაცია გადაწყვეტილებებთან და სასამართლო საქმეებთან დაკავშირებული სხვა ელექტრონული დოკუმენტაციის შესახებ, ასევე მიიღონ ინფორმაცია სასამართლოში ჩანიშნული სხდომების შესახებ, გაეცნონ მათთვის განკუთვნილ საჯარო შეტყობინებებს.