იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა სამოქალაქო კოლეგიისათვის განკუთვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. ახალი შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ აუცილებელი იყო მის მიმდებარედ არსებული პარკინგის მოწესრიგება. პროექტი დაიგეგმა არსებული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად: მოიხსნა საფარის და გრუნტის ზედა ფენა დაახლოებით 50-70 სმ, დაიყარა და დაიტკეპნა ღორღი, პარკინგის ნიშნულების დონეზე იქნა მოყვანილი საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების დონეები. სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე პარკინგის მთლიან პერიმეტრზე მოეწყო 6 ცალი დახურული ტიპის სახანძრო ჰიდრატი.
ამ ეტაპზე დატკეპნილია ასფალტობეტონის საფუძველი, დაგებულია ასფალტობეტონის პირველი ფენა. მიმდინარეობს ასფალტობეტონის მეორე ფენის დაგების სამუშაოები. მეორე ფენის ასფალტის შემადგენლობაში შედის ადგეზიური დანამატები, რომელიც უზრუნველყოფს ასფალტის საფარის მაღალ ელასტიურობას და გამძლეობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სინთეზური რეზინის საბურავების დამჭერის მოწყობა, პარკინგის დახაზვა და მისი საგზაო ნიშნებით აღჭურვა.