თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისათვის განკუთვნილი ახალი ფლიგელის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებდა. აღნიშნული სამუშაოები 4 ნოემბერს დასრულდა. 


პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა ბილიკების საფარი, დაიგო ბაზალტის ფილები და შეიცვალა ბორდიურები. ახლად აშენებული ფლიგელის მხარეს შენობის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შედეგად დაზიანებული გამწვანების ზოლზე, დაიყარა შავი მიწა და დაიგო ახალი გაზონი. გაზონში ჩამონტაჟდა სარწყავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბალახს საჭირო დოზით მორწყვას. გამწვანების ზოლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მთელს პერიმეტრზე მოეწყო 70 სმ სიმაღლის თანამედროვე დიზაინის მოაჯირი, რომელიც დამუშავდა და შეიღება. ბილიკებზე დაიდგა ახალი ანტივანდალური ქვის სკამები და ურნები, რომელიც მაქსიმალურად გამძლეა მექანიკური და ატმოსფერულ ზემოქმედებაზე. 

პროექტის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდგომ, იგეგმება ახალი ფლიგელის შენობის გარე პერიმეტრის მოასფალტება.