2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი სასამართლო საქმეების ელექტრონული განაწილების შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეებზე საქმეები განაწილდება შემთხვევითობის პრინციპით.
აღნიშნულმა კანონმა განაპირობა რაიონული სასამართლოების ცენტრალურ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი წვდომის აუცილებლობა.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველომ უზრუნველყო აღნიშნული კანონის აღსრულება ტექნოლოგიურ ჭრილში.
გაფორმდა ხელშეკრულება ალტერნატიულ ინტერნეტ პროვაიდერთან დამზღვევი VPN არხის მიყვანის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვის წესით შეძენილ იქნა თანამედროვე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა 2 ინტერნეტ ხაზით სასამართლოების მიერთება ცენტრალურ სასერვერო ინფრასტრუქტურასთან.
დღესდღეობით აღნიშნული დამზღვევი ინტერნეტ ხაზები მიყვანილია და გამართულად მუშაობს 11 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში. დანარჩენ რაიონულ სასამართლოებში მსგავსი ცვლილებები განხორციელდება მიმდინარე წლის მაისის თვის ბოლომდე.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული პროექტის შედეგად ასევე მნიშვნელოვანად მცირდება ისეთი სერვისის წყვეტის რისკი, როგორიცაა საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთლიანობაში მართლმსაჯულების აღსრულების პროცესს.