თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომათა დარბაზში წლების განმავლობაში აღინიშნებოდა აკუსტიკური ხარვეზები - დარბაზში გამოკვეთილი იყო ექო. ე.წ რევერბერაციის დრო აღემატებოდა 3 წამს, რაც იწვევდა საუბრის ნაკლებად გარჩევადობას და სისუფთავეს. აღნიშნულ პრობლემას სამწუხაროდ ვერ გაუმკლავდა გახმოვანების სისტემაც, (დინამიკები, მიკროფონები გამაძლიერებლები), ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, უფრო აძლიერებდა ექოს და მის უკუეფექტებს.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უმთავრეს ამოცანად იქცა აღნიშნული დარბაზის აკუსტიკური რეაბილიტაცია, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს კონსულტაცია დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან. დეპარტამენტის ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველომ შეადგინა ტექნიკური და აკუსტიკური დავალება, რომელიც გახდა ტენდერის საგანი. უმთავრესი ამოცანა იყო შემცირებულიყო ექოები (იგივე რევერბერაციის დრო) სადაც სამიზნე წერტილად აღებულ იქნა განვითარებული ქვეყნების მაგალითები - მსგავსი მოცულობის და ფუნქციონალის დარბაზებისთვის რევერბერაციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წამს. გარდა ამისა ტენდერის ფარგლებში დაიგეგმა გახმოვანების სისტემის განახლება/მოდერნიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანი იყო შენარჩუნებულიყო არსებული ინტერიერის დიზაინი. სწორედ ამ მოთხოვნების საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი. გამარჯვებულმა კომპანიამ წარმატებით შეასრულა სატენდერო მოთხოვნები და შედეგად რევერბერაციის დრო (იგივე ექო) შემცირდა 1.5 წამამდე, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა საუბრის გარჩევადობა. ასევე განახლდა გახმოვანების სისტემა და შესაბამისად დარბაზის აკუსტიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, რაც არის სასამართლო პროცესების სწორად და ეფექტურად წარმოების უმთავრესი პირობა.